პარლამენტის წევრისა და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ჟურნალისტების მისამართით გაკეთებულ რეპლიკას, „ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ“, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი არაეთიკური გამონათქვამები მიუღებელია.
„პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, უპასუხონ ჟურნალისტების ყველა კითხვას, მიუხედავად იმისა, იქნება მათთვის ეს მომაბეზრებელი, მიუღებელი, უხერხული თუ ა.შ. ამგვარი რეპლიკა, მით უმეტეს, მიუღებელია ადამიანისგან, რომელიც არის მოქმედი დეპუტატი. თუ დავინახავთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ასეთი არაეთიკური გამონათქვამები და ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაძლიერდა, შესაძლებელია ვიფიქროთ განცხადების გამოქვეყნებაზე“, - აღნიშნა ნატა ძველიშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს „ტვინის განძრევისკენ“ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ჰკითხეს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იცხოვრებს თუ არა ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში. ზურაბიშვილის თქმით, მან ამ საკითხზე ერთხელ უკვე ისაუბრა.
ტელეკომპანია „იმედისთვის“ რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ახალი პრეზიდენტი ავლაბრის სასახლეში აღარ უნდა შევიდეს. მისივე თქმით, მას ორბელიანის სასახლე უფრო შეეფერება, თუმცა გადაწყვეტილი აქვს საკუთარ სახლში იცხოვროს და ფეხით იაროს.